დომენური სახელის რეგისტრაციის ხელშეკრულება


წინამდებარე დომენური სახელის რეგისტრაციის ხელშეკრულება („ხელშეკრულება“) გაფორმებულია (შპს E-Commerce Georgia, 401972807) (შემდგომში „რეგისტრატორი“) და დომენური სახელის რეგისტრაციაზე ელექტრონული განაცხადის წარმდგენ რეგისტრანტს (შემდგომში „რეგისტრანტი“) შორის.
რეგისტრანტი და რეგისტრატორი ერთობლივად მოხსენებული, როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე, როგორც „მხარე“.
ვინაიდან,     რეგისტრატორი უზრუნველყოფს რეგისტრანტებისთვის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევას;
ვინაიდან,    რეგისტრანტმა წარუდგინა რეგისტრატორს ელექტრონული განაცხადი დომენური სახელის დასარეგისტრირებლად, რომელი განაცხადიც აკმაყოფილებს დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების პირობებს და რეგისტრანტს სურს მიიღოს სარეგისტრაციო მომსახურება რეგისტრატორისგან; 
ვინაიდან,     რეგისტრატორმა დაადასტურა რეგისტრანტის მიერ დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების შესაბამისად წარდგენილი ელექტრონული განაცხადი და წინამდებარე ხელშეკრულებით იღებს ვალდებულებას გაუწიოს სარეგისტრაციო მომსახურება რეგისტრანტს;
ვინაიდან,    რეგისტრანტი გაეცნო და ეთანხმება დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომლებიც წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
ვინაიდან,     მხარეების სურვილია წინამდებარე ხელშეკრულებით დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების შესაბამისად განსაზღვრონ რეგისტრატორის მიერ რეგისტრანტისთვის გასაწევი სარეგისტრაციო მომსხურების პირობები. 

შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


1. ტერმინთა განმარტება

1.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ამ ხელშეკრულებაში და დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებში მინიჭებული მნიშვნელობა. 
1.2. შემდეგ ტერმინებს, თუ სხვაგვარად არ მოითხოვს კონტექსტი, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.2.1. „ხელშეკრულება“    ნიშნავს წინამდებარე „დომენური სახელის რეგისტრაციის ხელშეკრულებას“ და მის ყველა დანართს, მათ შორის, დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
1.2.2.  „დომენური სახელი“ ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის ნიშნავს რეგისტრანტის მიერ ელექტრონულ განაცხადში მითითებულ დომენურ სახელს (სახელებს);
1.2.3.  „დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები“ ნიშნავს .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებს, რომელიც დადგენილია .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორის შპს „კავკასუს ონლაინის “ მიერ და რომელიც აწესრიგებს ადმინისტრატორს და რეგისტრატორებს, რეგისტრატორებსა და რეგისტრანტებს და ასევე ადმინისტრატორსა და რეგისტრანტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების, მათ შორის, უფლებების გამოყენების და ვალდებულებების შესრულების ნაწილში, სავალდებულო, არსებით პირობებს. დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ძალაში მყოფი დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.nic.ge;
1.2.4. „ელექტრონული განაცხადი“ ნიშნავს რეგისტრატორის მიერ დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების შესაბამისად დადგენილ და მის ვებ-გვერდზე განთავებულ განაცხადის ფორმას, რომელსაც რეგისტრანტი ელექტრონული ფორმით წარუდგენს რეგისტრატორს დომენური სახელის დასარეგისტრირებლად;
1.2.5. „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ ნიშნავს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც აღწერს რეგისტრატორის მიერ რეგისტრანტების პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს საქართველოს კანონმდებლობისა და დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების შესაბამისად. კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
1.2.6.  „რეგისტრაციის საფასური” აქვს ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული მნიშვნელობა;
1.2.7.  „რეგისტრაციის განახლების საფასური” აქვს ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განსაზღვრული მნიშვნელობა


2.  ხელშეკრულების საგანი

2.1  რეგისტრატორი იღებს ვალდებულებას გაუწიოს რეგისტრანტს სარეგისტრაციო მომსახურება მის ელექტრონულ განაცხადში მითითებულ დომენურ სახელთან (სახელებთან) დაკავშირებით.
2.2  დომენური სახელის რეგისტრაციით რეგისტრანტი იღებს დომენური სახელით სარგებლობის შეზღუდულ, გადაცემად, განახლებად, ექსკლუზიურ უფლებას იმ ვადითა და პირობებით როგორც ეს მოცემულია ამ ხელშეკრულებაში და დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებში.


3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

3.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის რეგისტრანტის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ 4.1 პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის საფასურის გადახდის მომენტიდან და მოქმედებს 1 (ერთი) წლის ვადით.
3.2. იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე რეგისტრანტი გადაიხდის დომენური სახელის რეგისტრაციის განახლების საფასურს მომდევნო რეგისტრაციის პერიოდისთვის, წინამდებარე ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო რეგისტრაციის პერიოდით, 1 (ერთი) წლის ვადით, იმავე პირობებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება ყოველ მომდევნო პერიოდზე.


4. რეგისტრაციის საფასური და გადახდის პირობები

4.1. ერთი დომენური სახელის 1 (ერთი) წლით რეგისტრაციისთვის და სარეგისტრაციო მომსახურების მიღებისთვის რეგისტრანტი ვალდებულია გადაუხადოს რეგისტრატორს რეგისტრაციის საფასური, რომლის ოდენობაც ელექტრონული განაცხადის წარდგენის თარიღზე გამოქვეყნებულია რეგისტრატორის შემდეგ ვებ-გვერდზე [www.ge.domains] (შემდგომში „რეგისტრაციის საფასური“).
4.2. დომენური სახელის შემდგომი რეგისტრაციის პერიოდით რეგისტრაციის განახლების საფასურის ოდენობა გამოქვეყნებულია ვებგ-ვერდზე [www.ge.domains] ელექტრონული განაცხადის წარდგენის თარიღზე (შემდგომში „რეგისტრაციის განახლების საფასური”).
4.3.  წინამდებარე ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში რეგისტრანტი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების 4.2. მუხლში მითითებული რეგისტრაციის განახლების საფასური ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.


5. მხარეთა უფლება-მოვალეობები

5.1. რეგისტრანტს უფლება აქვს:

(i)  მოსთხოვოს რეგისტრატორს წინამდებარე ხელშეკრულებით და დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
5.2.  რეგისტრანტი    ვალდებულია:
(i)  გაეცნოს და შეასრულოს დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებს და შესაბამის ინსტრუქციებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე www.nic.ge;
(ii)  დროულად გადაიხადოს დომენური სახელის რეგისტრაციის და რეგისტრაციის განახლების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
(iii)  მიაწოდოს რეგისტრატორს სარეგისტრაციო მონაცემების განსაახლებლად აუცილებელი ინფორმაცია;
(iv)  რეგისტრატორის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს რეგისტრატორს დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია.
(v)  კეთილსინდისიერად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით და დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებით ნაკისრი ვალდებულებები;
(vi)  გამოიყენოს დომენური სახელი იმგვარად, რომ ასეთმა გამოყენებამ არ გამოიწვიოს მესამე პირთა უფლებების, მარეგულირებელი კანონმდებლობის ან სამართლებრივი ძალის მქონე აქტის დარღვევა. 
5.3.  რეგისტრატორი    უფლებამოსილია:
(i)  მოსთხოვოს რეგისტრანტს წინამდებარე ხელშეკრულებითა და დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
5.4.  რეგისტრატორი    ვალდებულია:
(i)  გაუწიოს რეგისტრანტს  სარეგისტრაციო მომსახურება  დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების    და ამ ხელშეკრულების პირობების დაცვით;
(ii)  უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემებისა  ინფორმაციის დროული განახლება რეგისტრანტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.


6.  მხარეთა განცხადებები და გარანტიები

6.1  რეგისტრანტი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:
(i)  მის მიერ ელექტრონულ განაცხადში მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
(ii)  საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი არის მოქმედი;
(iii)  მოპოვებული აქვს ყველა საჭირო ნებართვა და თანხმობა ადმინისტრაციული საკონტაქტო პირისგან, ტექნიკური საკონტაქტო პირისგან, ბილინგ საკონტაქტო პირისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ შორის და არამხოლოდ, მათი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებასთან  და დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების მოთხოვნების შესრულებასთან დკავშირებით;
(iv)  რეგისტრანტს აქვს კანონიერი უფლება  გამოიყენოს დომენური სახელი;
(v)  რეგისტრანტი აკმაყოფილებს დომენური სახელის დასარეგისტრირებლად აუცილებელ მოთხოვნებს, მათ შორის, დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების 3.3 პუნქტის მოთხოვნებს ზოგად დომენებთან მიმართებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
(vi)  დომენური სახელის რეგისტრაცია და გამოყენება, რამდენადაც ეს რეგისტრანტისთვის ცნობილია, არ არღვევს და არ დაარღვევს რაიმე სამართლებრივი ძალის მქონე აქტს, მარეგულირებელ კანონმდებლობას ან მესამე პირთა უფლებებს.

6.2  რეგისტრატორი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:

(i)  რეგისტრატორს აქვს ყველა შესაბამისი უფლებამოსილება გააფორმოს ეს ხელშეკრულება და შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
(ii)  რეგისტრატორის მიერ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა და შესრულება ა) არ არღვევს, არ ეწინააღმდეგება ან არ გამოიწვევს რეგისტრატორის მხრიდან რაიმე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას, რომლის მხარე არის რეგისტრატორი; ბ) არ დაარღვევს მარეგულირებელ კანონმდებლობას.

7. მხარეთა პასუხისმგებლობა

7.1.  რეგისტრანტის მიერ დომენური სახელის არამართლზომიერი გამოყენების, მათ შორის ასეთი გამოყენების შედეგად მესამე პირთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში რეგისტრანტი ვალდებულია აანაზღაუროს გაწეული ხარჯი ან/და მიყენებული ზიანი, როგორც ეს გათვალისწინებულია დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებში.
7.2.  რეგისტრანტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ 5.2 და 6.1 პუნქტებში მოცემული პირობების არაჯეროვანი შესრულება შესაძლოა გახდეს დომენური სახელის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.


8. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები

8.1.  ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია:

8.1.1. მხარეთა შეთანხმება;
8.1.2. ხელშეკრულების ვადის გასვლა;
8.1.3. ხელშეკრულების 7.2 პუნქტში მითითებული საფუძველი;
8.1.4. საქართველოს კანონმდებლობით ან დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
8.2    8.1.3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში,  რეგისტრანტს არ დაუბრუნდება გადახდილი დომენური სახელის  რეგისტრაციის საფასური.

9. მარეგულირებელი კანონმდებლობა 

9.1  რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის ურთიერთობებზე და ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.
9.2  ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული დავა მხარეებს შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


10. დავის ალტერნატიული მოგვარების წესი

10.1  იმ შემთხვევაში თუ რეგისტრირდება დომენური სახელი, რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავების მოგვარების ერთიან პოლიტიკაზე (Uniform Domain Name Dispute Resolution Policy “UDRP”), მათ შორის UDRP-ის ნორმებზე და დამატებით წესებზე, რომლებიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. UDRP-ის ძალაში მყოფი წესები ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.wipo.int/amc/en/domains/cctld/ge/index.html
10.2  რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს, რომ UDRP-ის შესაბამისად დავები განიხილოს WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრმა. დავის განხილვის ენა უნდა იყოს ინგლისური.


11. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

11.1  რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს რეგისტრატორმა  რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები დაამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის და კონფიდენციალურობის  პოლიტიკის შესაბამისად. 
11.2  რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს  რეგისტრატორმა მისი პერსონალური მონაცემები გადასცეს ადმინისტრატორს.


12. ხელშეკრულების სხვა პირობები

12.1. ამ ხელშეკრულების შესაბამისად ნებისიერი შეტყობინება ან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, შეტყობინება მიწოდებულად ჩაითვლება რეგისტრანტის ან/და რეგისტრანტის ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან. ასეთი ელექტრონული ფოსტის მისამართი მითითებულია რეგისტრანტის ელექტრონულ განაცხადში, რომელიც შესაძლოა განახლდეს რეგისტრანტის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების დაცვით.
12.2.  რეგისტრატორი უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება ამ ხელშეკრულებაში, მათ შორის, შეცვალოს  ხელშეკრულების 4.1 და 4.2 პუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის საფასური ან/და რეგისტრაციის განახლების საფასური დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების შესაბამისად, ასეთი ცვლილებების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე ცვლილებების სკუთარ ვებ-გვერდზე [www.ge.domains] გამოქვეყნებითა და რეგისტრანტისთვის შეტყობინების გაგზავნის გზით.
12.3.  ხელშეკრულება შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ხელშეკრულების ქართულ და ინგლისურ ენოვან ვერსიებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.
12.4.  წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის (ან მისი ნაწილის) ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას.
12.5.  ხელშეკრულების სათაურები მოცემულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და მათ გავლენა არ აქვთ ხელშეკრულების პირობების განმარტებაზე.